საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას 26 აგვისტოს გადაეგზავნა. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
„აგვისტოშისარედაქციო ჯგუფის სამი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პარტიათა შორის მიღწეული ყველა ფორმულირება განვიხილეთ. ეს შეეხება როგორც კვალიფიციური სუბიექტების დაფინანსების საკითხს, ისე გადასატანი ყუთის, დამკვირვებლების უფლებების გაზრდისა და სხვა საკითხებს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით საბოლოო დოკუმენტი ვენეციის კომისიისთვის უკვე გადაგზავნილია", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი განმარტებით, არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ახალ პროექტში კონკრეტული ფორმულირებები ჩამოყალიბებული არ არის (ეს შეეხება იმ თემებს, რომლებიც ვენეციის კომისიასთან სხვადასხვა დროს იყო მსჯელობის საგანი. მაგალითად, დამოუკიდებელი მაჟორიტარების საკითხი, კომისიიდან წევრების გამოწვევის საკითხი, საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის განთავსების საკითხი...), თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მათზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია.
გარდა ამისა, კუბლაშვილის თქმით, ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა, რომლებიც დაინტერესებულ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტის სრული ტექსტი ორი დღის ვადაში პარლამენტის საიტზეც განთავსდება, სადაც მისი ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.