ევროკავშირში საქართველოს ელჩის სალომე სამადაშვილის განცხადებით საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს წლის ბოლომდე დაიწყებს. მისივე თქმით, ეს ევროპულ ბაზარს ქართული პროდუქციისათვის საბოლოოდ გახსნის.
"ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ძირითადი მიღწევა იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება, მხოლოდ მომავალი წლის მიზანი არის უვიზო მიმოსვლაზე დიალოგის დაწყება ევროკავშირთან. ეს ჩვენი მუშაოების აქტიური მიმართულებაა და ვფიქრობ, რომ ამ საკითხებში იქნება დიდი გარღვევა", - განაცხადა სასტუმრო "რადისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ ევროკავშირთან მიმართებაში ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.
"ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები. ეს არის პოლიტიკური ურთიერთობების უმაღლესი დონე, რაც შეიძლება რომ ევროკავშირმა შესთავაზოს არაწევრ სახელმწიფოს. ფაქტობრივად, საქართველო და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან. ასოცირების შეთანხმებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სავაჭრო კავშირები ევროკავშირთან ხდება ჩვენი ეკონომიკური მიმართულების ყველაზე ძირითადი შემადგენელი კომპონენტი", - განაცხადა სამადაშვილმა.