დღეს, 12 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახლადშექნილი ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილმა განუცხადა, სხდომაზე ის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების "ბედით" დაინტერესდება.
"ბიუროს სხდომაზე დავინტერესდები, რა ბედი ეწია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და გაიგზავნა თუ არა ის ვენეციის კომისიაში. დოკუმენტი პარლამენტში ჯერ-ჯერობით შემოსული არ არის, გამომდინარე აქედან, მისი სასესიო განხილვა მიმდინარე კვირასაც ვერ დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე მინიმუმ კიდევ ერთი კვირით გადაიდება", - განმარტა ცაგარეიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ეჭვობს, რომ უმრავლესობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პაკეტი ვენეციის კომისიისთვის ამ დრომდე არ აქვს გაგზავნილი, რასაც "მოსახლეობისთვის მიცემული პირობის დარღვევად" და "სამწუხარო ფაქტად" აფასებს.
"ჩემთვის გასაგებია, რასაც აკეთებს "ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ გაუგებარია, რას აკეთებს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია - რატომ არ ინტერესდება ამ ყბადაღებული საკითხით", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.