საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტებიდან 10 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გრიგოლ ვაშაძის უწყების განცხადების თანახმად, შეერთებულ შტატებზე დამიზნებით ალ-ქაიდას ტერორისტულმა ქსელმა იერიში მიიტანა თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და ადამიანურ ფასეულობებზე, რათა დაეთესა შიში, სიძულვილი და უიმედობა მთელს მსოფლიოში და შეეჩერებინა კაცობრიობის სვლა უკეთესი მომავლისაკენ.
"10 წელი გავიდა იმ ტერორისტული თავდასხმებიდან, რომლებმაც 3,000-მდე უდანაშაულო ადამიანი შეიწირა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში. 2001 წლის 11 სექტემბერს შეტევა განხორციელდა არა მარტო შეერთებული შტატებისა და მისი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი პლანეტის ყველა იმ ერისა და ადამიანის წინააღმდეგაც, ვისთვისაც ძვირფასია სიცოცხლე და თავისუფლება, ადამიანის უფლებები და დემოკრატია", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის პირველივე წუთებიდან, საქართველო და ქართველი ხალხი შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის გვერდითაა.
"ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი და სხვა მოკავშირეების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში ალ-ქაიდასა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ. საქართველო თანაზიარია ყველა იმ გამარჯვებისა, რომელიც ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ იქნა მოპოვებული 10-წლიანი ბრძოლის შედეგად. დღეს, 11 სექტემბრის 10 წლისთავზე, საქართველო იხსენებს ტერორიზმის მსხვერპლთ და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ამერიკელ ხალხს. საქართველო არც მომავალში დაიშურებს ძალისხმევას, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.