12-14 სექტემბერს, თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ხვალ, 12 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში", ამბასადორიალს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე გახსნის, რომელიც თავის გამოსვლაში ერთი წლის განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და შემდგომი მუშაობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებს.
სამი დღის განმავლობაში, მონაწილეები განიხილავენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს და იმსჯელებენ ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამბასადორიალზე ქართველი დიპლომატების წინაშე სიტყვით წარსდგება ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე აუდრონიუს აჟუბალისი.
ამბასადორიალის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.