"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას შეფასებით, 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარი ტერაქტი ტერორიზმის უპრეცენდენტო გამოვლინება იყო.
"ზუსტად 10 წელი გავიდა ამ უდიდესი ტრაგედიიდან, თუმცა, ამ ხნის შემდეგაც მსოფლიოს დღევანდელივით ახსოვს კადრები, რომელსაც სრულიად მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ეს იყო ტერორიზმის უპრეცედენტო გამოვლინება, 2 ათასამდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ტერორისტთა ქმედებას. ჩვენ, "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი მოძმე ამერიკელი ხალხის მიმართ იმ განცდილი მძიმე წუთების, დაღუპული ადამიანების, ტკივილის გამო, რაც ტერორისტების გაუგონარმა ქმედებამ უდანაშაულო ადამიანებს მიანიჭა", - აცხადებენ "ევროპელი დემოკრატები", - ნათქვამია დავითაიას განცხადებაში, რომელშიც ის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხს და ტერორიზმთან მებრძოლ ცივილიზებულ მსოფლიოს სამძიმარს უცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტიდან 10 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში, სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბრჯენს, ე.წ. "ტყუპებს" ტერორისტების მიერ გატაცებული ორი თვითფრინავი შეეჯახა. იმ დღეს, გარდა მშვიდობიანი მოქალაქეებისა, დაიღუპა 19 კამიკაძე-ტერორისტი. ამ დღეს ტერორისტების მიერ გატაცებულ იქნა კიდევ 2 თვითმფრინავი, რომელთაგან ერთი ვირჯინიის შტატში, პენტაგონის შენობას შეეჯახა, მე-4 თვითმფრინავი კი, მგზავრთა წინააღმდეგობის შედეგად, პენსილვანიის შტატში, სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. აღნიშნული ტერორისტული აქტი მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბენ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული.
ტერაქტის მსხვერპლთა ნარჩენების ამოცნობა ოფიციალურად მხოლოდ 2002 წლის 15 სექტემბერს დასრულდა. 2002 წლის 20 აგვისტოს ტერაქტის დროს გარდაცვლილთა პირველი ოფიციალური სია გამოქვეყნდა. მასში 2819 ადამიანია მსოფლიოს 80 ქვეყნიდან.
დღეისათვის, "დნმ"-ის ანალიზითა და ნათესავთა დახმარების შედეგად, ამოცნობილია 1102 ადამიანი. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 40 წელი იყო. გარდაცვლილთა უმეტესი ნაწილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გონებრივ შრომას ასრულებდნენ. ესენი იყვნენ პროგრამისტები, ბანკის მოსამსახურეები სადაზღვევო ფირმების წარმომადგენლები. მრავალი მათგანი თავისი კარიერის პიკზე იმყოფებოდა. სულ მცირე 59 გარდაცვლილს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
პენტაგონის შენობაში შეჭრის შედეგად გარდაიცვალა 184 ადამიანი: 120 - თანამშრომელი და 64 - ეკიპაჟის წევრი. 44 ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავში, რომელიც ტერიტორისტებმა მოიტაცეს და რომელიც პენსილვანიამდე არ მიფრინდა.
ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმა "ალ-ქაიდას" 500 ათასი დოლარი დაუჯდა. გერმანიის დაზვერვის სამსახურში ფიქრობენ, რომ ამ ტერაქტრის ორგანიზებისთვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ზარალი კი გაცილებით მეტი - 135 მილიარდი დოლარი, ათასობით გარდაცვლილი და ათი ათასობით დაინვალიდებულ ადამიანი იყო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის სპეცსამსახურებმა 5 ათასზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს ან ტყვედ აიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები