ახლადშექნილი ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების "ბედით" ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაინტერესდება.
როგორც ცაგარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის უმრავლესობის წევრებისგან განმარტებას მოითხოვს, გაიგზავნა თუ არა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ვენეციის კომისიაში.
"ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დავინტერესდები, რა ბედი ეწია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და გაიგზავნა თუ არა ის ვენეციის კომისიაში. დოკუმენტი პარლამენტში ჯერ-ჯერობით შემოსული არ არის, გამომდინარე აქედან, მისი სასესიო განხილვა მიმდინარე კვირასაც ვერ დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე მინიმუმ კიდევ ერთი კვირით გადაიდება", - განმარტა ცაგარეიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ეჭვობს, რომ უმრავლესობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პაკეტი ვენეციის კომისიისთვის ამ დრომდე არ აქვს გაგზავნილი, რასაც "მოსახლეობისთვის მიცემული პირობის დარღვევად" და "სამწუხარო ფაქტად" აფასებს.
"ჩემთვის გასაგებია, რასაც აკეთებს "ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ გაუგებარია, რას აკეთებს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია - რატომ არ ინტერესდება ამ ყბადაღებული საკითხით", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ბიუროს სხდომა პარლამენტში ხვალ, 12 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.