გრძელდება ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოვიდა ახალგაზრდა ლიდერთა მე-6 ეკონომიკურ ფორუმზე - „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა - ტრანსფორმაციის 20 წელი, სამომავლო პერსპექტივები", სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ნაწილში, მიმდინარე წარმატებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ მორიგი ორმხრივი შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრთან იეჟი მილერთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების სფეროში საქართველო- პოლონეთის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები. ვიცე პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცვლილებებზე, სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხეზე. მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტის შემოღების აუცილებლობაზე, რათა ისინი იძულებულები არ იყვნენ რუსეთის მხრიდან დარიგებული პასპორტები გამოიყენონ და საქართველოს ყველა მოქალაქეს მომავალში შეეძლოს თავისუფალი გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით. ვიცე პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირთან დაიწყება დიალოგი საქართველოს მოქალაქებისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით პოლონურმა მხარემ აქტიური დახმარება აღუთქვა ქართულ მხარეს. შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, პოლონურ და ქართულ მხარეებს შორის გაგრძელდეს ინტენსიური თანამშრომლობა და კოორდინაცია.
ქ.კრინიცაში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან მარჩინ კოროლეცთან.
შეხვედრაზე საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური ურთიერთობების აქტუალური თემების განხილვასთან ერთად, საუბარი შეეხო სექტემბრის ბოლოს ვარშავაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, საქართველო-პოლონეთის უფრო აქტიურ კოორდინირებულ მოქმედებას, რომლის მიზანია სამიტმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.