საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ მშენებლობის სწავლის ტემპით თურქეთს გაუსწრო და მალე ჩინეთსაც დაეწევა.
"ჩვენი ნოუ-ჰაუ არის კარგი მშენებლობა. რეალურად, მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფი ტემპით ვსწავლობთ მშენებლობას. ტემპით თურქეთს გავუსწარით და შესაძლოა მალე ჩინელებსაც დავეწიოთ. ჰესების მშენებლობაც ასე სწრაფად უნდა მოხდეს. უნდა დავისახოთ მიზნად, რომ ქართველებმა ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად ააშენონ ჰესები. არ ვართ ჩვენ ჩამორჩენილი ქვეყანა, სადაც უცხოელი ჩამოვა და აგიშენებს. რადგან ჩვენთან ვაშენებთ და ვიღებთ უნიკალურ გამოცდილებას, ეს შესაძლებელს ხდის, რომ ექსპორტი მოვახდინოთ და სხვა ქვეყნებშიც ავაშენოთ ჰესები", - განაცხადა სააკაშვილმა ფარავანჰესის მშენებლობის მონახულებისას.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად სამცხე-ჯავახეთს ეწვია და ფარავანჰესის მშენებლობა დაათვალიერა.