ხვალ, 20 ოქტომბერს, 11:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი ფასანაურში მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ.
ფასანაურის სარეაბილიტაციო უბანი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის სამუშაოებში შედის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორციელებს.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის III ეტაპი მოიცავს შემდეგ სამუშაო ობიექტებს: მდ. ბელაიას გადაკვეთის უბანი; ქაბარჯინას ხევის გადაკვეთის უბანი; მდ. სნოსწყალის გადაკვეთის უბანი; ონკანების მონტაჟი ლარსის გამშვებ პუნქტთან და მდ. ბაიდარას ხეობაში.
ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაცია, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, "საქართველოს ათასწლეულის ფონდის" თანადაფინანსებით ხორციელდება.
ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 44,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და 1980 წლიდან მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221კმ). გაზსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის პროექტის III ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.