საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე საქართველოში აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის საელჩოების, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრის თემას წარმოადგენდა 2011 წლის 7 სექტემბერს სამი რუსული მი-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს სუვერენული საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი დარღვევა და საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრა მიზნად ისახავს საქართველოში არსებული მდგომარეობის შემდგომ ესკალაციას.
"ქართულმა მხარემ მოუწოდა უცხოელ დიპლომატებს სათანადოდ შეაფასონ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი და განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მოთხოვნით", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 სექტემბერს, დილის 01:05 საათზე, სამი რუსული "მი-8" ტიპის სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში ტანიეს ხეობის სოფელ შატილის მახლობლად, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას.
როგორც ვაშაძის უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ვერტმფრენები 3 კილომეტრით შეიჭრნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს თავზე, ხოლო ამის შემდგომ, ვერტმფრენებმა დატოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე.