საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე 21-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას „ვარდების რევოლუციის" „ნათლია" დაასახელა.
„აქ იმყოფება ბრაიან ჩილკოტი, CNN-ის კორესპონდენტი, რომელიც ვარდების რევოლუციის „ნათლიაა". ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ ვისხედით გასაიდუმლოებულ იატაკქვეშა შეხვედრაზე და წინასწარ ვგეგმავდით რა დაგვერქმია რევოლუციისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ იყო", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, 4 საათიანი ეთერის მსვლელობისას ბრაიან ჩილკოტმა პირველად წარმოსთქვა ფრაზა „ვარდების რევოლუცია".
„სატელევიზიო ისტორიაში პირველად ბრაიან ჩილკოტი უძღვებოდა პირდაპირი ეთერით გადაცემულ რევოლუციას, რომელიც CNN-ით 4 საათის განმავლობაში, ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე გადაიცემოდა. სწორედ მან წამოიძახა: "ეს ნამდვილი ვარდების რევოლუციაა!" ასე შეერქვა ამ რევოლუციას სახელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.