საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრინიცაში მიმდინარე 21-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე, ქვეყანაში დაძლეულ კორუფციასა და იმ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
„შვიდი წლის წინათ საქართველო, ფაქტობრივად, არშემდგარი ქვეყანა იყო. ხალხი ხშირად კამათობს-ხოლმე იმაზე, ასე უნდა გაგვეკეთებინა თუ სხვაგავარად ჯობდა მოქმედება; რეკონსტრუქცია უნდა ჩაგვეტარებინა სახელმწიფოსთვის თუ არა, თუმცა აქ არც არაფერი იყო გადასაკეთებელი - ჩვენ თითქმის ნულიდან დავიწყეთ სახელმწიფოს შენება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა გახდა.
„საქართველო, რომელიც კომუნისტური წარსულიდან შემორჩენილი ორგანიზებული დანაშაულის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა, ევროპული კვლევების თანახმად, დღეს უკვე უსაფრთხო ქვეყნის თვალსაზრისით მეორე ადგილს იკავებს ისლანდიის შემდეგ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც ტოტალური კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული, „Transparency International"-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე პროგრესულ ნაბიჯებს დგამს ამ სენისგან გასათვისუფლებლად.
„სოციოლოგიური კველევბის თანახმად, მათ შორის "გელაპის" მონაცემებით, 6 წლის წინათ ქართველთა 98 პროცენტი აღიარებდა, რომ კორუფციული გარიგებების გარეშე შეუძლებელი იყო ცხოვრება. ახლა კი ეს მაჩვენებელი 0.2 პროცენტზე უფრო დაბალია, რასაც ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს. ასე რომ, კორუფციის დამარცხება შევძელით", - განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.
პრეზიდენტი ასევე შეეხო პოლიციაში გატარებულ რეფორმებს.
„ჩვენ დრამატული არჩევანი გავაკეთეთ - სრულიად შევცვალეთ პოლიციის სტრუქტურა. დავითხოვეთ ძველი კადრები და სახელმწიფოში 3-4 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ გვყავდა პოლიცია. ეს გავაკეთეთ არა იმიტომ, რომ ისინი ტოტალურად დამნაშავეები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მათი ნაწილი, რეალურად, მართლაც იყო ორგანიზებული დანაშაულის მონაწილე. დღეს ვითარება კარდინალურად განსხვავებულია. წარმატებული აღმოჩნდა საბაჟო და საგადასახადო რეფორმები. როგორც ახლახან გავლენიანმა გამოცემამ "ეკონომისტმა" პუბლიკაციაში აღნიშნა, საქართველოში "მენტალური რევოლუცია" მოხდა", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, - „შეგახსენებთ, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის ნაწილი დევნილია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქვეყანა წინსვლას განაგრძობს".