საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძემ ფილიპ ლეფორს ახალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე.
ფილიპ ლეფორის კანდიდატურა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დამტკიცებულ იქნა 2011 წლის 25 აგვისტოს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით. აღსანიშნავია, რომ 2004-2007 წლებში ფილიპ ლეფორი იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.