დღეს, 7 სექტემბერს, სოციალ-დემოკრატები გამართავენ პრესკონფერენციას ქუთაისელი მეტალურგების გაფიცვასთან დაკავშირებით. პრესკონფერენცია გაიმართება პარტიის ოფისში (თბილისი.ჭავჭავაძის გამზ.19.ბ.29).
მოძრაობა სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის სოლიდარობას უცხადებს შ.პ.ს. "ევრაზიანსთილსის" ქარხანა "ჰერკულესის მშრომელებს იმ ბრძოლაში, რომელსაც ისინი უკვე ერთ კვირაზე მეტია აწარმოებენ საკუთარი უფლებების დასაცავად. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად მიგვაჩნია საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის, ტრანსპორტისა და გზების, პედაგოგთა და მეცნიერთა, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების, პროფკავშირების ტყიბულელი, ზესტაფონელი და სამტრედიელი აქტივისტების მტკიცე პოზიცია, რომლებიც ამ გადამწყვეტ მომენტში ღირსეულად დგანან სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, ცნობილია იმ აუტანელი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც უწევთ შრომა ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომლებს.
"ცნობილია ისიც, რომ რადიკალური ზომების მიღებამდე ქარხნის თანამშრომლებმა და პროფკავშირმა ყველა არსებული საშუალება გამოიყენეს კომპრომისის მისაღწევად და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად არაერთგზის ინფორმირებისა, სახელმწიფო სტრუქტურებმა არავითარი ყურადღება არ გამოიჩინეს აღნიშნული პრობლემის მიმართ, ხოლო თვით ქარხნის დირექციამ, ნაცვლად დიალოგისა, მიმართა რეპრესიულ ზომებს და თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიბების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
სოციალ-დემოკრატები აღმაშფოთებელს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ქარხნის ხელმძღვანელობამ "იატაკქვეშა ორგანიზაცია" უწოდა კანონმდებლობის სრული დაცვით ჩამოყალიბებულ პროფკავშირულ ორგანიზაციას და ამით "ფარატინა ქაღალდად აქცია დასაქმებულთათვის ისედაც დისკრიმინაციული შრომითი კანონმდებლობა".
სოციალ-დემოკრატები მოვუწოდებენ ყველა საწარმოსა და დაწესებულების, განსაკუთრებით სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკებს, _ ჩამოაყალიბონ პროფკავშირული უჯრედები ან გააქტიურდნენ არსებულ უჯრედებში. არ მისცენ საშუალება დამსაქმებელს დაარღვიოს დასაქმებულთა შრომითი უფლებები და სათითაოდ გაუსწორდეს დასაქმებულებს, სოლიდარულად იმოქმედონ და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სოლიდარულად გაიფიცონ, დაგმონ შტრეიკბრეხერობის ნებისმიერი გამოვლინება და ამორალურად აქციონ ის.
"დღევანდელი ევროპა გაფიცვებმა და უფლებებისთვის ბრძოლამ შექმნა. შექმენით თანამედროვე საქართველო, დაიცავით ღირსება, იყავით სოლიდარულები სხვა გაფიცულებისადმი", - აცხადებენ ისინი.