საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ჯონდი ბაღათურიას დანიშვნა-არდანიშვნის კანონიერებასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე დაწყებული დებატები, სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
ბიუროს სხდომიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ახლად შექმნილი ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილმა, რომელიც ბაღათურიას დავით ბაქრაძის მოადგილედ დანიშვნის ინიციატორია, ჟურნალისტებთან საუბარში პირობა დადო, რომ „უმრავლესობას არ მოასვენებს".
„ნაკლებად მაღელვებს, რას იტყვიან ახლადშექმნილ ფრაქციაზე პეტრე ცისკარიშვილი და უმრავლესობის სხვა წევრები. გასაგებია, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან. პირობას გაძლევთ, რომ მათ მოსვენებას არ მივცემ", - განმარტა ცაგარეიშვილმა.
მისი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ბაღათურიას დანიშვნას მხარს იმის გამო არ უჭერენ, რომ „არ უნდათ დამოუკიდებელი მოსაზრების ადამიანი, რომელიც არ იქნება მიბმული ხელისუფლების გავაზე".