საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის აზრით, პარლამენტში ახალი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" მხოლოდ „თანამდებობებისთვის, კაბინეტებისა და მანქანებისთვის" შეიქმნა.
ასე გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის, გია ცაგარეიშვილის გამოსვლას, რომელმაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე ჯონდი ბაღათურიას დანიშვნაზე საპროცედურო კომიტეტის მიერ უარის თქმა გააკრიტიკა.
„იქედან გამომდინარე, რომ თქვენ ეს ყველაფერი გინდათ პოლიტიკურ ბატალიებში და პოლიტიკურ დებატებში გადაზარდოთ, არ შემიძლია, არ ვთქვა - სინამდვილეში ეს ფრაქცია შეიქმნა სწორედ თანამდებობებისთვის და არა იმიტომ, რომ თქვენ გაგაჩნიათ ერთიანი ხედვა და პლატფორმა", - მიმართა ცისკარიშვილმა ცაგარეიშვილს და აქვე განმარტა, რომ აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ „ფრაქციაში ნოღაიდელის, ალასანიას, „ქართული დასის" ხალხი ერთადაა გაერთიანებული".
„ეს არის წარმონაქმნი, რომელიც შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ თანამდებობები, კაბინეტები გადაგენაწილებინათ და მანქანებით გესარგებლათ. ეს ახლა მოგინდათ, რადგან თავის დროზე სწორად ვერ გათვალეთ, რეგლამენტში არ ჩაიხედეთ და ახლა აღმოაჩინეთ, რომ სინამდვილეში, ვიცე-სპიკერის თანამდებობა „ვაკანტურია", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ამასთან, ცისკარიშვილი გია ცაგარეიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც მან 2008 წელს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე პაატა დავითაიას დანიშვნა „პოლიტიკური შეთანხმებით" ახსნა და ბაღათურიას შემთხვევაშიც „ანალოგიური" მოითხოვა.
„პაატა დავითაიას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დანიშვნა რომ პოლიტიკური შეთანხმება ყოფილიყო, ჩვენ ახლაც მზად ვიქნებოდით ამ პოსტზე კიდევ ერთი ოპოზიციონერი კანდიდატისთვის დაგვეჭირა მხარი და არც „ის" კაბინეტი დაგვენანებოდა (დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში გამოინახებოდა), ჩვენი შეზღუდული ბიუჯეტის პირობებშიც კი, ალბათ, ერთი მანქანის საშუალებაც იქნებოდა, მაგრამ კანონი და რეგლამენტი ამის უფლებას და საშუალებას არ გვაძლევს, თორემ ჩვენ არც ჯონდი ბაღათურიას წინააღმდეგი გვაქვს რამე და არც თქვენი ახლადშექმნილი ფრაქციის", - მიმართა ცისკარიშვილმა ცაგარეიშვილს.
შეგახსენებთ, რომ ბიუროს დღევანდელი სხდომა პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. ახლადშექმნილი ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ჯონდი ბაღათურიას დანიშვნის თაობაზე საპროცედურო კომიტეტისგან მიღებული უარი გააკრიტიკა, აღნიშნა, რომ თავის დროზე, პაატა დავითაის ბაქრაძის მოადგილედ დანიშვნა „პოლიტიკური შეთანხმების" საფუძველზე მოხდა და ბაღათურიას შემთხვევაშიც „ანალოგიური შეთანხმება" მოითხოვა.