საქართველოს კორეის სახალხო რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეყოლება. შესაბამისი საკითხის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
პრეზიდენტის მიერ კორეის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ნიკოლოზ აფხაზავას კანდიდატურაა წარდგენილი.
როგორც ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა განუცხადა, კორეასთან ურთიერთობება მნიშვნელოვანია, რადგან ამ სახელმწიფოდან, როგორც მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს.
"ჩვენი დიპლომატიური დაფარტვის ზონა იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კორეასთან ურთიერთობა. ის არის მძლავრი სახელმწიფო და ბუნებრივია, ამ ქვეყნისგან ინვესტიციების მოზიდვის შანსი და პერსპექტივა არსებობს. გარდა ამისა, ეს იქნება საგარეო პოლიტიკური კუთხით საქართველოს ინტერესების დაცვის დამატებითი საშუალება", - განმარტა მინაშვილმა.
კორეის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩობის კანდიდატ ნიკოლოზ აფხაზავას დიპლომატად მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2008 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად მუშაობდა, იქედან მოყოლებული დღემდე კი, იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობა უკავია. 2009 წელს მინიჭებული აქვს უმცროსი მრჩევლის დიპლომატიური რანდი.
აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს კორეის რესპუბლიკაში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა იაპონიაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით ხორციელდებოდა.