საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნიკა კვინტრაძის თემას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.
"უნდა შეწყვიტოს საზოგადოებამ ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა. პოლიტიკოსებისა და სხვა ძალების მხრიდან ამ თემის უტრირება დაუშვებელია. ეს იყო ადამიანური ტრაგედია და საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ნიკა კვინტრაძე პოლიციელის მიერ დაკავებული არ ყოფილა. ეს დაადასტურეს თავად კვინტრაძის ახლობლებმა და მეგობრებმა, რომლებმაც ის ფოტოებზე ვერ ამოიცნეს", - განუცხადა მინაშვილმა საია-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალებზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დღეს მათი დაკვეთით ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics-ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 26 მაისს პოლიციელების მიერ დაკავებული პირი ნიკა კვინტრაძეა.
ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ექსპერტიზამ 26 მაისის აქციაზე დაკავებული პირის ამსახველი ფოტოები და "რუსთავი 2"-ის ეთერით გასული ვიდეომასალა შეადარა პროზექტურაში გადაღებულ კვინტრაძის ფოტოს, ასევე გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ფოტოს და 7 თანხვედრი ნიშანი აღმოაჩინა.
ამასთან, ჩუგოშვილის განცხადებით, მათ მოიპოვეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ 26 მაისს დილით თავისუფლების მოედანზე იმ სახურავზე იმყოფებოდა, სადაც კვინტრაძის ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს. მოწმე აცხადებს, რომ მას ცხედარი 26 მაისს არ უნახავს, რაც ჩუგოშვილის განცხადებით, იმაზე მიუთითებს, რომ ცხედარი სახურავზე მერეა მიტანილი.
კვინტრაძე 25 მაისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა. პოლიციის მიერ აქციის დაშლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელი იყო. 27 მაისს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 მაისს, დილით, პოლიციამ ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის გვამები თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მარკეტის სახურავზე აღმოაჩინა. შსს-ის მტკიცებით, მათი გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან შეხება. მოგვიანებით, მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო- და ფოტომასალა და მოწმის ახსნა-განმარტება, რომელიც, სავარაუდოდ, ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ აქციის დაშლის დროს კვინტრაძე პოლიციას ჰყავდა დაკავებული.