საქართველოს პარლამენტმა მუშაობა განაახლა. პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთლმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, გამოსვლა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე საუბრით დაიწყო და ქართველ კალათბურთელთა ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლა მიულოცა.
„არ შემიძლია, ჩემი ემოცია არ გაგიზიაროთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, ჩვენი კოლეგების გარკვეული ნაწილი მათ მხარს აქტიურად უჭერდა თვითონ კლაიპედაში, იქ იყო ქართული კულტურის დღეებიც. დიდი მოვლენაა, რომ დებიუტანტი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოტე ეტაპზე გავიდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ადვილი არ არის", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება საშემოდგომო სესიის გახსნას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დეპუტატთა არდადეგები ყოველთვის პირობითია, რადგან მთელი ზაფხულის განმავლობაში ისინი „საქმით აქტიურად იყვნენ დაკავებულნი".
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის ბოლო პარასკევს იხურება.
აღსანიშნავია, რომ ბიუროს სხდომას თავად პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ავსტრალიაში ვიზიტის გამო ვერ ხელმძღვანელობდა.