ლიტერატურის მუზეუმს გრიგოლ რობაქიძის და გიტა ფონ შტრახვიტცის პირადი წერილები გადაეცა. არქივში წერილების გარდა ფოტოები, ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი ფრაგმენტები, შევარდენის ფრთა და ასევე, "სუხიშვილების და რამიშვილების" კონცერტის პროგრამა აღმოაჩინეს. რომანტიული მიმოწერები გრიგოლსა და გიტას შორის 1961 წელს დაიწყო. გიტა ქართულსაც სწავლობდა და წერილის ბოლოს ყოველთვის აწერდა "გფარავდეს ლაშარი". მუზეუმს წერილები გიტას დამ, ბეტინამ გადასცა.
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბეტინა იხსენებს სახელს, რომელიც მას ბავშობაში ხშირად ყურში ხვდებოდა.
"გრიგოლი" - მხოლოდ ეს სახელი მახსოვს, რომელსაც ჩემი და ახსენებდა ხოლმე. ჩვენ შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო, ამიტომ მათ ურთიერთობაზე არაფერი ვიცი. "გრიგოლი" კი იმდენად უცხო სახელია, რომ კარგად დამამახსოვრდა. გიტას გარდაცვალების შემდეგ გავხსენით არქივი სადაც ეს წერილები აღმოვაჩინეთ. სავარაუდოდ შეიძლება ჟენევაში აქრივში გრიგოლის პორტრეტიც ინახება გიტას მიერ დახატული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბეტინამ.
გიტა ფონ შტრახვიტცი პროფესიით მხატვარი იყო. ძირითადად პორტრეტებზე მუშაობდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს ლაშა ბაქრაძემ განუცხადა რობაქიძის სატრფო მან ჟენევაში გაიცნო, თუმცა წერილების გამოქვეყნებაზე ვერ დაითანხმა.
"გიტა ჟენევაში გავიცანი და მან მომიყვა გრიგოლთან ურთიერთობის შესახებ. ვთხოვე, ეს წერილები მუზეუმისთვის გადმოეცა, თუმცა მან ეს სიცოცხლეში არ ისურვა. ბეტინა თავის დაზე 14 წლით უმცროსია, სამწუხაროდ მას არაფერი ახსოვს გრიგოლის და გიტას ურთიერთობის შესახებ, გარდა იმისა რაც ამ წერილებიდან შეიტყო", - განაცხადა, ბაქრაძემ.
დღეიდან ლიტერატურის მუზეუმში ინახება გრიგოლ რობაქიძის სიცოცხლეში ბოლო გაგზავნილი წერილი, რომელიც 17 ნოემბრით თარიღდება.
"გრიგოლის გარდაცვალება გიტას წერილის მეშვეობით გახდა ცნობილი, როდესაც მან რობაქიძეს წერილი გაუგზავნა და ის უკან დაუბრუნდა და ეს რამდენჯერმე განმეორდა, მაშინ გატეხეს სახლი, სადაც გრიგოლი გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს ორჭოფობა იმის შესახებ, როდის გარდაიცვალა გრიგოლი, მაგრამ თუ ბოლო წერილიდან ვიმსჯელებთ ის 19 ნოემბერსაა გარდაცვლილი", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
წერილები გერმანულ ენაზეა. როგორც მკვლევარები ამბობენ, გრიგოლს და გიტას ერთმანეთი მეგობრების წრეში 1960 წელს გაუცნიათ. ერთ-ერთ წერილში რობაქიძეს თავისი ფოტოც გაუგზავნია, რომელსაც უკან აწერია - "შესაძლებელია ამ კაცს მოხუცი უწოდო"? ეს კითხვა მას იმიტომ აწუხებდა, რომ ის 75 წლის იყო, გიტა კი 31-ის.