კონტროლის პალატა საქართველოს საელჩოების ფინანსურ რევიზიას იწყებს. 2010 წელს ბეჟაშვილის უწყება დიპლომატიური წარმომადგენლობების ფინანსურ მონიტორინგს ჩაატარებს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა თავად გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად გამოკვეთილია 10 ძირითადი სფერო, რომლითაც კონტროლის პალატა დაინტერესდება 2010 წელს და ჩაატარებს ამ უწყებებში აუდიტს. კონტროლის პალატა დაინტერესდება ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს პროგრამებით, საგანმანათლებლო უწყებებში არსებული ვითარებით და იქ მიმდინარე რეფორმებით, ინფრასტრუქტურული პროგრამებით, საზოგადოებრივი მაუწყებლით და კიდევ ერთი სფერო, რომლითაც კონტროლის პალატა დაინტერესდება იქნება ის თუ როგორ მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების პრივატიზება რეგიონებში.
"პრიორიტეტი, რომელსაც კონტროლის პალატა განახორციელებს 2010 წლის განმავლობაში, ეს გახლავთ სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის პროექტის განხორციელება და მიმდინარეობა. ეს საკითხი ჩვენი ინტერესების სფეროში იმიტომ მოხვდა, რომ თქვენ იცით, რომ პარალმენტმა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში განიხილა საბიუჯეტო კოდექსის პროექტი, რომელიც დღეს უკვე კანონია, უფრო სწორედ მიმდინარეობს საბოლოო პროცედურები, თუმცა ჩვენი წინასწარი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ფინანსთა სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისას დახარჯული აქვს 180 ათასი აშშ დოლარი, რაც დიდი თანხაა. გამომდინარე იქიდან რა შეფასებები ხდება იურისტების, ექსპერტების, ფინანსისტების მხრიდან, ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის თუ რატომ მოხდა ასეთი დიდი თანხების ხარჯვა ამ პროექტის განხორციელებაზე" - აცხადებს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი და დასძენს, რომ მეორე პრიორიტეტი ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს.
"საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელმწიფომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირება მოახდინა. ეს თანხა დაახლოებით შეადგენს 70 მილიონ ლარს. გარდა ამ თანხისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელდა ბევრი რეფორმა. ამიტომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს თუ რაში ხდება მათ მიერ გადახდილი გადასახადების დაბანდება საზოგადოებრივ მაუწყებელში" - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.