საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარლებში გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა გამართა ევროკომისართან საშინაო საქმეთა დარგში სესილია მალმსტრომთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების პროცესი. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა მიმდინარე ეტაპზე მიღწეული პროგრესი.
გრიგოლ ვაშაძემ და სესილია მალმსტრომმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე და იმსჯელეს სავიზო დიალოგის დაწყების მიზანშეწონილ პერიოდზე.
"შეხვედრას ორი მთავარი მიზანი ჰქონდა. პირველი - შეგვეფასებინა, როგორ მიმდინარეობს გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ დადებული ხელშეკრულება, მეორე - რეადმისიის ხელშეკრულება. ვისაუბრეთ კონკრეტულ ვადაზე და თარიღებზე, თუ როდის ჩამოვა საქართველოში ევროკავშირის შემფასებელი მისია", - განაცხადა ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირი შემფასებელთა მისიას, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს თავად დააკვირდება, ქვეყანას მომავალი წლის მარტში გამოგზავნის.