„ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სოფიო ხორგუანის განცხადებით, ხელისუფლება აგრძელებს დევნილების ხელახალი დევნისა და ძალადობის პოლიტიკას. მისი თქმით, ამჟამად გამოსახლების საფრთხე ემუქრებათ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ შენობაში კომაპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადადგილებულ პირებს.
„ამ ისტორიაში ყველაზე „საინტერესო", ალბათ, ის არის, რომ ამ ადამიანებს ხელისუფლება კომპენსაციის მიღებას მხოლოდ ოქტომბრის ბოლოსთვის დაპირდა . ანუ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გურმისშვილის გამზირზე მცხოვრებ დევნილებს ორი თვის განმავლობაში საარსებო საშუალებების გარეშე, ღია ცის ქვეშ ტოვებს", - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა 5 სექტემბერს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იგი მიმართავს კობა სუბელიანს, განმარტოს, თუ როგორ აქვს მას წარმოდგენილი ამ ადამიანების მომავალი.
"კობა სუბელიანი, როგორც ჩანს, თავს იმაზე მეტის უფლებას აძლევს, ვიდრე ეს შეიძლება საჯარო მოხელეს ჰქონდეს. ეს არის ამ ხელისუფლების გადაწყვეტილება და პოლიტიკური ნება. ყოველი ასეთი ქმედება მოქალაქეებზე ძალადობის გამოხატულებას წარმოადგენს", - მიიჩნევს „სოფიო ხორგუანი.