ბრაზილია საქართველოსთან უვიზო რეჟიმს შემოიღებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, უვიზო რეჟიმის მოქმედების ვადა, საწყის ეტაპზე, 90-დღიანი იქნება.
"საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ჩვენი მხრიდან, ბრაზილიის მოქალაქეებისთვის 1 წლის განმავლობაში საქართველოში უვიზო რეჟიმი ისედაც არსებობდა, ახლა კი, იგივე ნაბიჯის სურვილი თავად ბრაზილიამ გამოთქვა. მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში 90 დღის ვადით გადასვლა ვიზის გარეშე შეეძლებათ", - აღნიშნა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილის გათვლებით, შესაბამის პროცედურებსა და მიღწეული შეთანხმების ამოქმედება, სავარაუდოდ, 6 თვის ფარგლებში მოხდება.