მოსკოვის ცენტრში მდებარე, საქართველოს საკუთრებაში არსებული სასტუმრო, რომელიც რუსეთმა თბილისს 2006 წელს უკანონოდ ჩამოართვა, აუქციონზე იყიდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, ქართული მხარე სამართლებრივი დავის დაწყებას არ აპირებს და რუსეთს კუთვნილი შენობის დაბრუნებას კვლავ დიპლომატიური გზებით მოსთხოვს.
"ამ დავას განვიხილავთ არა საქართველოსა და კერძო კომპანიას შორის, არამედ სახელმწიფოთა შორის დავად, რადგან 2006 წელს ჩვენ საქართველოს კუთვნილებაში არსებული სასტუმრო უკანონოდ სწორედ რუსეთმა ჩამოგვართვა. ახლა ეს შენობა აუქციონზე იყიდება, თუმცა ჩვენ დავის სამართლებრივ ჭრილში გადატანას მაინც არ ვაპირებთ და შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, კვლავ დიპლომატიური გზებით - ნოტების გაცვლით გავაგრძელებთ ბრძოლას", - განმარტა კალანდაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის შეფასებით, სასტუმროს შენობის ჩამორთმევა არა მხოლოდ უკანონობაა, არამედ ამით რუსეთმა ვენის კონვენციაც დაარღვია.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე ერთ ჭრილში განიხილავს აღნიშნულსა და შვეიცარიის საელჩოს შენობაში გახსნილი საქართველოს სექციისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის საკითხსაც.
კალანდაძის თქმით, ამ შემთხვევაშიც დავა არა საქართველოსა და როგორც რუსეთი აცხადებს, კერძო კომპანიას შორის, არამედ სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს.
"საქართველოს სექციას ელექტროენერგია ამჟამად მიეწოდება, თუმცა "დავალიანების" მიზეზით, ერთი თვის შემდეგ მისი გათიშვით კვლავ იმუქრებიან", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.