"ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი საპატიმროებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და არსებულ მდგომარეობაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს აკისრებს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების ადგილები დღევანდელმა ხელისუფლებამ დამატებითი სასჯელის მექანიზმად აქცია.
„მხოლოდ მედიაში საკითხის გახმაურების შემდეგ გახდა შესაძლებელი გიორგი დემეტრაძისთვის ბარათის მიწოდება და შესაბამისად, მას მიეცა სხვადასხვა ნივთების შეძენის შესაძლებლობა", - განაცხადა სოფიო ხორგუანმა 5 სექტემბერს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. შექმნილ ვითარებაში ის №6 დაწესებულების ხელმძღვანელს დავით მარგებაძეს ადანაშაულებს, რომელიც, მისივე თქმით, „პატიმრებისადმი განსაკუთრებული სისასტიკით ადრეც გამოირჩეოდა".
„ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრის განცხადებით, მის პოლიტიკურ გუნდს მიმართეს №2 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს არ მიეწოდებათ მათთვის აუცილებელი საკვები და არ უწევენ შესაბამის მკურნალობას. პასუხისმგებელი პირები კი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იძლევიან განმარტებას, რომ ეს არის „ზემოთ" მიღებული გადაწყვეტილება.
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებებზე, სულ მცირე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს ეკისრება. დანაშაულებრივი ქმედებები კი იმაში გამოიხატება, რომ ეს თანამშრომლები პატიმრებს უმძიმებენ უკვე მისჯილ სასჯელს", - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.
იგი შეახსენებს ხათუნა კალმახელიძეს, რომ პატიმრისთვის სასჯელის განსაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულების პასუხისმგებელი პირების კი არა, სასამართლოს პრეროგატივაა.