საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს სომხეთში სამხედრო ტვირთების გადასატანად რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დახურული აქვს.
"ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება", - ასე გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე "ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას, რომელიც "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ იმ მორიგ დაშიფრულ ტელეგრამას შეეხებოდა, სადაც საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ვაშინგტონს წერს, რომ "თბილისი რუსეთისთვის სომხეთში სამხედრო ტვირთების გადასატანად საჰაერო სივრცის გახსნას აგრძელებს".
მისივე განმარტებით, რუსეთმა საჰაერო სივრცის გახსნის თაობაზე თბილისს რამდეჯერმე მიმართა, თუმცა ქართულმა მხარემ ის არ დააკმაყოფილა.
"ვიკილიქსის" მასალებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან არ ვიცით ის სარწმუნოა, თუ არა, მაგრამ თავად ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთმა რამდეჯერმე მოგვმართა საჰაერო სივრცის გახსნის თხოვნით, თუმცა ჩვენ ის არ დავაკმაყოფილეთ. ასეთი ტიპის მიმართვა რუსეთისგან ბოლოს 2008 წელს მივიღეთ", - განმარტა კალადაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავსი ტიპის მიმართვას რუსეთიდან ქართული მხარე აღარც ელოდება, რადგან საქართველოს პარლამენტმა მის მიერვე რატიფიცირებული, "საჰაერო სივრცის გამოყენების თაობაზე" საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმება გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებული ტელეგრამის მიხედვით, რომელიც 2010 წლის 17 თებერვლით თარიღდება, ჯონ ბასი შეერთებული შტატების ადმინისტრაციას წერს, რომ "რუსეთი სომხეთში სამხედრო ტვირთების გადატანას აგრძელებს". ქართველი ექსპერტების მტკიცებით, ბასის ეს განცხადება საიდუმლო ინფორმაციის შემცველია, ვინაიდან ქართული მხარე აცხადებდა, რომ მოსკოვისთვის სომხეთში სამხედრო ტვირთების გადასატანად საქართველოს საჰაერო სივრცე ჩაკეტილი იყო.