ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკა" დასრულდა. სამდღიანი ღონისძიება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით მიმდინარეობდა.
კონფერენცია პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ შეაჯამა და ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადასცა.
ქდმ-ს მოწვევით ბათუმში 8 ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა. ისინი სამი დღის განმავლობაში განიხლავდნენ თემებს, რომლებიც დემოკრატიისა და მედიიის განვითარებას ეხება. შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში სოციალური ქსელების როლზეც ისაუბრეს. კონფერენციის დასკვნით დღეს ფორუმის მონაწილეებმა შემაჯამებელი რეზოლუცია მიიღეს.
"ჩვენი პარტიის ეგიდით საერთაშორისო კონფერენციები და სემინარები ხშირად იმართება. ეს არის საუკეთესო გზა საიმისოდ, რომ გავცვალოთ შეხედულებები და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. დაგროვებული ცოდნა შემდეგ პრაქტიკულ საქმიანობაში გვეხმარება. აქ არიან აქტიური ადამიანები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპიდან და ვფიქრობ ეს კონფერენცია სასარგებლო იყო როგორც სტუმრებისთვის, ისე მასპინძლებისთვის" - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საერთაშორისო კონფერენცია "სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკა" ბათუმში, სასტუმრო "სანაპიროში" 3-5 სექტემბერს ჰოლანდიის, უნგრეთის, ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობდა.