"თავისუფალი საქართველო" აფხაზეთის ახლად არჩეულ დე-ფაქტო ლიდერს, ალექსანდრე ანქვაბს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი ლიდერობის პირობებში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება იქნება შესაძლებელი.
"გვსურს გამოვხატოთ რწმენა იმისა, რომ ეს ფაქტი საშუალებას მოგვცემს, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება გარდამტეხი წერტილი ორ მოძმე ერს შორის არსებული მტრობის დასავიწყებლად. როგორც ქართველი, ასევე აფხაზი ხალხის ინტერესებშია კონფლიქტის დასრულება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არსებული რეალობის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ", - ნათქვამია კახა კუკავას პარტიის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, "თავისუფალი საქართველო" კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა.
"ამის დასტურია 2008 წლის საგურამოს მანიფესტი, სადაც გამოიხატა ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლი პირების მზადყოფნა მოლაპარაკებების გზით სიტუაციის დარეგულირებაზე. "თავისუფალი საქართველო" მომხრეა, კონფლიქტის მხარეებმა აიღონ ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება. პარტია "თავისუფალი საქართველო" მომავალშიც ერთგული იქნება აღნიშნული კურსის და გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ყველა პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.