რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას ჟანრი ლოლაშვილიც აპროტესტებს. როგორც იგი აცხადებს, რუსთაველის თეატრის წინ ხელისუფლებას "ხელოვნების ენაზე" საუბრისკენ მოუწოდებდა. თუმცა აქციაზე მისული საზოგადოების რაოდენობის დანახვამ მსახიობს იმედები გაუცრუა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლოლაშვილმა განუცხადა, მეტ ხალხს ელოდებოდა.
"აქ რასაც ვხედავ, იქიდან გამომდინარე, საერთოდ არაფრის იმედი არ მაქვს. ეჭვი მეპარება, რამემ შედეგი გამოიღოს. ისინი ვერ გადაკეთდებიან, ჩვენ არ გადავკეთდებით და ვიქნებით ასე. მათ თავიანთი გამჭოლი შეხედულებები აქვთ, ყოველდღე ცვლიან კონსტიტუციას. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ხელოვნების ენაზე, ისინი კი უნდა მიხვდნენ, რომ ყოველგვარი წინადადება რომელიც სცენიდან ითქმება მოვლენების აფიშირება არ გახლავთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს.