დღეს ქრისტიან-დემოკრატებმა თელავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 2 ოქტომბერს ქდმ-ს სახელით კენჭს პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხი იყრის. კანდიდატის წარდგენისას მხარდამჭერებს თელავის ცენტრში ქრისტიან-დემოკრატების ლიდერებმა მიმართეს.
სიტყვით გამოვიდნენ გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგილია, მაგდა ანიკაშვილი, ნიკა ლალიაშვილი, ნიკოლოზ ლაშხი.
მაგდა ანიკაშვილის თქმით, ქრისტიან-დემოკრატების გუნდი დღეს არასაკმარისად არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ეს საშუალებას აძლევს ხელისუფლებას ხშირად ოპოზიციის აზრის გაუთვალისწინებლად მიიღოს ისეთი კანონები რაც ადამიანებს კაბალურ მდგომარეობაში აყენებს.
" თქვენი ინტერესების დასაცავად ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გაძლიერება და ეს არის შანსი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური ფლანგი გაფართოვდეს ჩვენ გვჯერა რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ადამიანს რომელსაც კარგად იცნობთ და იცით, რომ ბევრისგან განსხვავებით ნიკოლზ ლაშხი შეასრულებს ყველა იმ დაპირებას რასაც დღეს გაძლევთ", - განაცხადა ანიკაშვილმა.
ინგა გრიგოლიას განცხადებით, თელავის არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი რაიონის არჩევნები, და ზუსტად ერთ თვეში გაირკვევა ბევრი რამ იმასთან დაკავშირებიოთ ვის რა შანსები აქვს 2012 და 2013 წლების არჩევნებში.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელისუფლება სწორედ ამ არჩევნებში გადავტეხოთ, დავძლიოთ ამომრჩევლებში შიშის სინდრომი და დავანახოთ მოსახლეობას რომ თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაც შესაძლებელია." განაცხადა გრიგოლიამ.
გიორგი თარგამაძემ თელაველებს მომავალ არჩევნებში აქტიურობისკენ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლისკენ მოუწოდა.
"ჩვენთვის არ არსებობს მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩვენ ვიქნებით ყველგან სადაც ბრძოლა იქნება, ბრძოლა დღეს სწორედ აქ არის და ქრისტიან-დემოკრატები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ნაციონალურმა ხელისუფლებამ იგემოს დამარცხება. უკვე ყველამ იცის და მათ შორის, პირველ რიგში ხელისუფლებამ რომ ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს და ეს დრო აუცილებლად მალე დადგება", - განაცხადა თარგამაძემ.