გადასახადების გაზრდის საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა ავტომატურ რეჟიმში გადასახადების გაზრდის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ვახტანგ ლეჟავამ საკონსტიტუციო ცვლილების საჯარო განხილვის კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე გააკეთა.
როგორც ლეჟავამ აღნიშნა, არსებობს მოსაზრება, რომ გადასახადების რეფერენდუმით გზით გადაწყვეტა თავიდანვე არის მცდარი მიდგომა. რადგან მოსახლეობა გადასახადების გაზრდა არასოდეს მოისურვებს. მაგრამ, მისი თქმით, ეს "მოსაზრება არის მცდარი და დილეტანტური~, რადგან, როგორც ლეჟავა აცხადებს, შვეიცარიაში გადასახადების გაზრდის საკითხი სწორედ ამ მეთოდით წყდება და ასეთი გადაწყვეტილება ბოლოს რამდენიმე თვის წინაც მიიღეს. ამას კი შვეიცარიის მთავრობის დამსახურებად მიიჩნევს, რადგან შეძლეს მოსახლეობის დარწმუნება, რომ გადასახადების გაზრდა აუცილებელი იყო.
"ჩვენ შემთხვევაშიც იზრდება მთავრობის როლი, რათა მათ არგუმენტირებულად შეძლოს მოსახლეობის დარწმუნება გადასახადების გაზრდის აუცილებლობაში", - განაცხადა ლეჟავამ.
საკონსტიტუციო ცვლილებით დგინდება, რომ გადასახადების გაზრდის საკითხი აქციზის გარდა, რეფერენდუმის გზით იქნება გადაწყვეტილი. პროექტში ნათქვამია, რომ ხანგრძლივადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარს და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი. სავარაუდოდ, სწორედ ამ ორგანულ კანონში ჩაიდება საკუთრების უფლების დაცვის დამატებით ბერკეტები.