პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველოს აღმშენებლობა წარმოუდგენელი ტემპით მიმდინარეობს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ქალაქში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა.
მისივე შეფასებით, "ჰოლანდიასაც დავეწევით, სხვა ქვეყნებსაც და გავუსწრებთ კიდეც მათ".
"რა თქმა უნდა, ყოველივე ამას - დრო, ჩვენ კი მოთმინება დაგვჭირდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმითვე, მიმდინარე მშნებლობებით "ქვეყანაში მთლიანად იცვლება ფსიქოლოგია".
"დღეს ვნახეთ, რომ პარლამენტის მშენებლობა დადგენილ ვადას რამდენიმე კვირით ასწრებს. ეს მართლაც ისტორიული პროცესია. ჩვენ აქ ვაშენებთ პარლამენტის შენობას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე იქნება. უკვე აშენდა კონტროლის პალატა, იუსტიციის სახლი, საქართველოს მთავრობის ახალი წარმომადგენლობა - შუშის კუბი... თუმცა მთავარია ის, რომ ამით ქვეყანაში მთლიანად იცვლება ფსიქოლოგია. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, საქართველო, პრაქტიკულად, ახალ, უზარმაზარ ენერგიას მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს, ასევე, იმ უიმედო სიტუაციის გადალახვას შეუწყობს ხელს, რომელიც ქუთაისში სულ რაღაც სამი-ხუთი წლის წინათ სუფევდა. მაშინ ხანდახან თავადაც მეეჭვებოდა, რომ რაიმე გამოგვივიდოდა. აქ ჯერაც ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა და, მართალია, პარლამენტი ყველა საკითხს ვერ მოაგვარებს, მაგრამ გარკვეული ნაწილის გადაწყვეტას ნამდვილად შეუწყობს ხელს. ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველოს აღმშენებლობა წარმოუდგენელი ტემპით მიმდინარეობს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.