საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სინგაპურსა და ავსტრალიას ესტუმრება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს, 30 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თანმხლები საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სინგაპურს ეწვევა, სადაც შეხვედრები ადგილობრივ ბიზნეს- და საინვესტიციო წრეების წარმომადგენლებთან შედგება.
შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაა.
2-4 სექტემბერს კი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ავსტრალიას ეწვევა, სადაც ბაქრაძე ავსტრალიის პარლამენტის სპიკერს, ჰენრი ალფრედ ჯენკინსს შეხვდება. ბაქრაძე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავენ ავსტრალიის პარლამენტის საგარეო, თავდაცვისა და სავაჭრო კომიტეტების თავმჯდომარე მაიკლ დავიდ დენბისთან და ავსტრალიის პარლამენტის სხვა წევრებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა სამხრეთ უელსის გუბერნატორ მარია ბაშირთან.
6-8 სექტემბერს შედგება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ახალ ზელანდიაში. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვედრებს გამართავს ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერთან ლოქვუდ სმიტთან, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერ სიმონ პაუერთან, პარლამენტის სხვა წევრებთან. დაგეგმილია ბაქრაძის შეხვედრა ახალი ზელანდიის პარლამენტის საგარეო, თავდაცვისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ჰეისთან, რომელიც მსოფლიო რაგბის თასზე საქართველოს რაგბის ნაკრების მასპინძელი იქნება.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვიზიტების ძირითადი მიზანია, ორმხირივი კონტაქტების განვითარება წყნარი ოკეანის რეგიონის წამყვან სახელმწიფოებთან, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განვითარებას.