პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის არჩევანს პატივს სცემს და ალექსანდრე ანქვაბს "არჩევნებში" გამარჯვებას ულოცავს.
"ბუნებრივია, არც ოფიციალური თბილისი და არც საერთაშორისო ორგანიზაციები არ ცნობენ იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომლითაც აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" პატივს ვცემთ აფხაზეთის მოსახლეობის არჩევანს და ვულოცავთ მათ იმ კანდიდატის გამარჯვებას, რომელსაც საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა", - ნათქვამია "მემარჯვენეების" განცხადებაში.
ამასთან, დავით გამყრელიძის გუნდის შეფასებით, ალექსანდრე ანქვაბის მიერ აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლა ახალი ეტაპის დაასწაყისს ნიშნავს აფხაზი ხალხის ცხოვრებაში.
"ცხადია, ქართველი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება აფხაზეთის მეთაური უახლოესი წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვართ, აფხაზი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში უნდა დადგეს ახალი ეტაპი, რომლის დროსაც ჩვენ მოვახერხებთ დაკარგული ნდობის აღდგენას, თანაცხოვრების ახალი ფორმის გამონახვას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. ვისურვებდით, რომ აფხაზი ხალხის არჩევანი სწორი გამოდგეს და სწორედ ალექსანდრე ანქვაბი იქცეს ისეთ ლიდერად, რომელიც ამ და აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე მდგარ კიდევ ბევრ სხვა სერიოზულ პრობლემას მოაგვარებს. ჩვენ ნამდვილად გვინდა ვირწმუნოთ იმ ადამიანების, რომელთაც სჯერათ, რომ ალექსანდრე ანქვაბის განვლილი ცხოვრება იმსახურებს პატივისცემას, როგორც აფხაზი, ისე ქართველი ხალხის მხრიდან და წარმატებებს ვუსურვებთ მას ამ მნიშვნელოვან პოსტზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
"მემარჯვენეების" აზრით, მისასალმებელია, რომ არ გამართლდა პოლიტიკური პროგნოზები იმის შესახებ, რომ ამ არჩევნებში უსათუოდ კრემლის ფავორიტი გაიმარჯვებდა.
"ეს ფაქტი სერიოზულ გზავნილად უნდა იქცეს იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც დღემდე სჯერა, რომ საქართველოში არჩევნების ბედს რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკური ნება გადაწყვეტს. აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები ცხადი დასტურია, რომ არავის ძალუძს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და საოკუპაციო პირობებშიც კი შესაძლებელია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც ხალხის არჩევანს რეალურად გამოხატავს. ეს უდავოდ კარგი მაგალითია 2012 და 2013 საქართველოში მოსალოდნელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, ხოლო მოსახლეობამ თავის პოლიტიკური სიმწიფე და გონიერება უნდა აჩვენოს. ჩვენ, "ახალი მემარჯვენეები", კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზადყოფნას პირდაპირი დიალოგი ვაწარმოოთ აფხაზ ხალხთან და ბუნებრივია, მის მიერ არჩეულ ლიდერებთან, აფხაზი და ქართველი ხალხების წარმატებული მომავლისათვის", - ნათქვამია "მემარჯვენეების" განცხადებაში.