პარტია „თავისუფალი საქართველო"-ს ლიდერი კახა კუკავა რუსეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფება, სადაც დღეს რუსეთ-საქათველოს ერთიანობის ფონდის პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკთან ერთად რუსეთის ფედერაციის მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს შეხვდა.
„თავისუფალი საქართველო"-ს პრესამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი.
"შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადება ჟურნალისტებისათვის, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანისთვის ფედერაციის მხრიდან იურიდიული ბარიერი აღარ არსებობს და ქართულ კომპანიებს უკვე შეუძლიათ ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება", - აცხადებენ პარტიის პრესამსახურში.
აღსანიშნავია, რომ კახა კუკავას და გენადი ონიშჩენკოს ბოლო ორი თვის მანძილზე უკვე მეორე საქმიანი შეხვედრაა.
პარტია „თავისუფალი საქართველო" -სთვის დღეიდან უკვე პრიორიტეტულად ითვლება 2011 წლის ბოლომდე ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე რეალურად დაბრუნება.