ვანის რაიონში საძოვრების გაყიდვასთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატები" ადვოკატებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სარჩელს ამზადებენ.
პარტიის წარმომადგენლები - ვანის საკრებულოს წევრი დავით ლორთქიფანიძე და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით დვალი დღეს ვანელებს შეხვდნენ და მათ 29 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გააცნეს.
"სპეციალისტებთან ერთად ჩვენ შევისწავლეთ ყველა საბუთი და უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პრივატიზაცია კანონის დარღვევით მოახდინა. მართალია, ჯერ ნაწილი გაიყიდა, თუმცა ორი ათასამდე კომლს უკვე შეექმნა პრობლემა მთელს 65 ჰექტარ ტერიტორიაზე. საბუთების თანახმად, 29 ჰექტარი სოფელ გადიდის გამგებლის ოჯახმა შეიძინა. ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ საიმისოდ, რომ გადაწყვეტილება გაუქმდეს და საძოვრები კვლავ მოსახლეობის სარგებლობაში დარჩეს" - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივებისთვის, პირუტყვის გამოსაკვები ალტერნატიული ადგილი არ არსებობს.მიმდებარე ტერიტორიაზე კი უკვე ათეულობით უნიკალური ჯიშის ხე გაიჩეხა.