ოქტომბერში საქართველოში ცენტრისტული მიმართულების ახალი პარტია დაფუძნდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთში მოქმედი მოძრაობა "საქართველოსათვის" პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქტომბერში ჩატარება 21-23 აგვისტოს სტამბულში, სოხუმში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას ქართული კულტურის მოღვაწეებთან, მეცნიერებთან, ექსპერტებთან და ცენტრისტული მიმართულების პარტიის შექმნის საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.
"სტამბულში შეხვედრის მონაწილეებმა მომავალი პარტიის შექმნისა და საქმიანობის შესახებ აზრები შეაჯერეს. საინიციატივო ჯგუფი სექტემბრის ბოლოს პარტიის პროგრამის, სახელწოდებისა და სლოგანის პრეზენტაციის გამართვას გეგმავს, რომელზეც მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა პიარკომპანიამ უკვე დაასრულა", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ცენტრისტული პარტიის მიზანია ქართულ პოლიტიკურ არენაზე მშვიდობიანი გზებით, არჩევნებში მონაწილეობით დამკვიდრება.
"პარტიის საქმიანობის პრიორიტეტებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენა, აგრარული სექტორისა და მთლიანად ეკონომიკის მოდერნიზაცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობის პრობლემების გადაწყვეტა, აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებ, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება", - აღნიშნულია განცხადებაში.
პარტია გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და თუ "ხალხის ნდობას მოიპოვებს, უახლოეს წლებში შესაძლოა, ქვეყნის მმართველი პარტია გახდეს".
ახალი პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი მხარდამჭერია რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი მოძრაობა "საქართველოსათვის" ხელმძღვანელი მინდია გულუა.
""მინდია გულუა არ იქნება ახლად დაფუძნებული პარტიის წევრი, მაგრამ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მზადაა, ხელი შეუწყოს პარტიის საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.