საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე უკვე შეხვდა ბრაზილიის ენერგეტიკისა და წიაღისეულის მინისტრ ედისონ ლობაოს და სენატის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფერნანდო კოლორ დე მელოს.
"ენერგეტიკისა და წიაღისეულის მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ენრეგეტიკის სფეროში საქართველოსა და ბრაზილიას შორის თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, ბრაზილიის მსხვილი კომპანიების მონაწილეობა საქართველოში არსებული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ბრაზილიის მხარე საქართველოს მდიდარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალითა და მიმდინარე ენერგეტიკული პროექტებით დაინტერესდა.
გრიგოლ ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია მსოფლიოში აღიარებული ბრაზილიური ჰიდროელექტროკომპანიების მონაწილეობით საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში. შეხვედრისას მხარეებმა დასახეს კონკრეტული გზები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ბრაზილიის სენატის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კი განიხილეს საქართველო-ბრაზილიის ურთიერთობების ფართო სპექტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
ფერნანდო კოლორ დე მელომ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს კონსტრუქციული პოზიცია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში. გრიგოლ ვაშაძემ, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერნეტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბრაზილიის ურყევი მხარდაჭერის გამო. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ბრაზილიის კონგრესს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუშაო სადილი გამართა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებულ სამხრეთ ამერიკის ელჩებთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ომრხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს მზარდი ჩართულობა ცენტრალური და ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის რეგიონში, აგრეთვე, საქართველოში განხორციელებული ყოვლისმომცველი რეფორმები, რამაც ელჩების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
დღეს კი გრიგოლ ვაშაძე ბრაზილიის საგარეო ურთიერთობების მინისტრს ანტონიო დე აგიარ პატრიოტას შეხვდება.