"ექვსეული" პოლიტიკური პასიურობის მიზეზს ხსნის, თუმცა მას "დასვენებას" არ უკავშირებს.
"არა, ჩვენ არ ვისვენებთ. არ ვჩანვართ იმიტომ, რომ რამდენიმე ლიდერი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მათ შორის დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია. თუმცა ახლა კოალიციის ყველა წარმომადგენელი თბილისშია და ჩვენ შორის კონსულტაციებიც გრძელდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "ექვსეულის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
მისი განმარტებით, შიდაკონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ექვსი პარტიისგან შემდგარ კოალიციაში მიმდინარეობს, "პოლიტიკური გეგმებისა და მიმართულებების" შეჯერება ხდება".
"ჩვენი გეგმები საზოგადოებისთვის მოკლე ხანში გახდება ცნობილი", - განმარტა ძიძიგურმა და დასძინა, რომ "ექვსეულის" ბრძოლის არეალი მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით არ შემოიფარგლება და ის სოციალურ თემატიკაზე, ეკონომიკურ საკითხებსა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეც იქნება ორიენტირებული.
"ჩვენ ვაპირებთ მილიონი კაცის მობილიზებას, რომელიც კოალიციას მხარდაჭერას გამოუცხადებს. გვაქვს ძალიან ამბიციური და სწორი გეგმა. ამ გეგმაზე უკვე ვმუშაობთ და სერიოზული წარმატებაც გვექნება. მოგვიწევს კარდაკარ შემოვლის პრინციპით მუშაობა", - აღნიშნა ძიძიგურმა.