ავიაკომპანია "აირზენა" ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოსკოვისგან პასუხს ელოდება.
როგორც ჟურნალისტებს ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა,"აირზენა" რუსეთს ჩარტერული რეისების დანიშვნის გარდა, 5 იანვრიდან რეგულარულ ფრენებსაც სთავაზობს.
"მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული მხარე არ ეწინააღმდეგება რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, ავიაკომპანია "აირზენამ" მოსკოვისთვის შესაბამისი წინადადებით მიმართვა გადაწყვიტა. ჩვენ რუსეთის ფედერაციას ვთავაზობთ, 26 დეკემბრიდან ჩარტერული რეისების დანიშვნას, 5 იანვრიდან კი რეგულარული ფრენების განახლებას", - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, თუ რუსული მხარის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე მზადყოფნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მხოლოდ პიარ-კამპანიას არ წარმოადგენს, მაშინ მოსკოვმა შეთავაზებულ წინადადებას დადებითად უნდა უპასუხოს.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია "აირზენამ" რუსულ მხარეს აღნიშნული წინადადებით ორი დღის წინ მიმართა.