ქართული პარტია შს სამინისტროს ოფიციალურად მიმართავს გააკეთოს განმარტება, რას ნიშნავს, მათი ლექსიკონით, მოსავლის აღება. ამჟამად პატიმრობაში მყოფი ქართული პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული კოორდინატორის ლევან ტერაშვილის და მისი ძმის, კახა ტერაშვილის 23 ივნისს გამოქვეყნებული სატელეფონო საუბარი, მოსავლის თესვასთან დაკავშირებით, სამინისტრომ ახსნა, როგორც იარაღის დამარხვა.
ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა სოფიო ხორგუანმა გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში ტერაშვილების ყანა გუშინ მოინახულა, სადაც 5 ჰექტარზე ჰიბრიდული სიმინდია დათესილი. ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ფოტომასალა , რომელშიც ჩანს, რომ მოსავალი თითქმის მოწეულია.
ხორგუანი მიმართავს შს სამინისტროს გაშიფროს, რას ნიშნავს კოდური სიტყვა „მოსავლის აღება".
„ჩვენ დავეხმარებით ოჯახს მოსავლის აღებაში და შესაძლოა რომელიმე ჩვენგანის საუბარი ოჯახის წევრებთან, სადაც ვიკითხავთ აიღეს თუ არა მოსავალი, შს სამინისტროს მიერ გამოიყენებული იქნეს მტკიცებულებად, ამიტომ მინდა წინასწარ ვთხოვო შს სამინისტროს, გააკეთოს ოფიციალური განმარტება, მათ ლექსიკონში რას ნიშნავს-„მოსავლის აღება",- განაცხადა ხორგუანმა.
როგორც, სოფიო ხორგუანმა აღნიშნა, ლევან და კახა ტერაშვილები პოლიტპატიმართა რიგს შეემატნენ. შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცნობილი ჩანაწერები კი ფაბრიკაციაა, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იქნა გამოყენებული.
ქართული პარტია უახლოეს მომავალში სხვა დეტალებსაც წარმოადგენს, რომლითაც დამტკიცდება, რომ ქართული პარტიის დაკავებულ წევრებთან დაკავშირებული მტკიცებულებები გაყალბებულია და მხოლოდ პოლიტიკურ დევნას უკავშირდება-განაცხადა სოფიო ხორგუანმა.