აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დასწრებაზე 18 ქვეყნიდან 80-მდე ადამიანმა თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ "აფსნიპრესი" სეპატატისტთა ე.წ. პარლამენტზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს რუსეთის ფედერაციიდან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, არაღიარებული დნესტრისპირეთიდან, ვენესუელიდან, ნაურუდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, სან-მარინოდან, მავრიტანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ელოდებიან.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა "საპრეზიდენტო არჩევნებზე" დამკვირვებლის სტატუსით დასასწრებლად მოწვევა 100-მდე სახელმწიფოს გაუგზავნა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს ჩატარდება. "პრეზიდენტის პოსტის" დასაკავებლად ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა იბრძოლებენ.