ხვალ, 20 აგვისტოს, ესტონეთის დამოუკიდებლობლობის 20 წლისთავი სრულდება. ესტონეთმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1991 წლის 20 აგვისტოს გამოაცხადა.
1987 წლის მეორე ნახევარში ესტონეთში დაიწყო მასობრივი პროტესტი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. დაიწყო ბრძოლა ესტონური სახელმწიფოებრიობის აღსადგენად-ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
ტალინსა და ტარტუში გახშირდა სტუდენტური მარშები - მართალია, ჯერ კიდევ ჭრელი მოთხოვნებით, მაგრამ მათში სულ უფრო და უფრო იკვეთებოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნა. 1988 წელი მეტად ცვალებადი და მერყევი იყო ქვეყნის ისტორიაში. პროტესტის კულმინაცია აღმოჩნდა 1989 წლის 23 აგვისტოს ცოცხალი ჯაჭვის საყოველთაოდ ცნობილი მოვლენა, როდესაც 600 კილომეტრზე, ტალინიდან რიგის გავლით, ვილნიუსამდე, დაახლოებით 2 მილიონი ესტონელი, ლატვიელი და ლიტველი ჩადგა რიგში ხელიხელჩაკიდებული 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიპენტროპის პაქტის გასაპროტესტებლად, რომლის ძალითაც საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ ურთიერთშორის გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა და, შესაბამისად, ბალტიისპირეთიც. ამ უნიკალურმა მოვლენამ მთელი მსოფლიოს მასმედია მოიცვა.
მოსკოვი თავიდან არ ცდილობდა სამხედრო ჩარევას. მან შექმნა ე.წ. "ინტერფრონტები," რუსი მოსახლეობით დაკომპლექტებული ორგანიზაციები, რომელთაც დაევალათ ბრძოლა დამოუკიდებლობის მომხრეთა წინააღმდეგ. "ინტერფრონტის" წევრები მასობრივ ტერორზე გადავიდნენ. 1990 წელს მათ უზენაესი საბჭოს შენობის შტურმით აღებაც კი სცადეს. ზოგმა ადგილობრივმა კომუნისტმაც ბრძოლა დაიწყო. საქმეში უკვე სამხედრო ძალით ჩაერთო მოსკოვიც. ქვეყანაში სიტუაცია სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. მთელი ესტონეთი დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიოდა. 1988 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლითაც განისაზღვრა ქვეყნის სუვერენიტეტი. სიტუაცია მთელ საბჭოეთში უკიდურესად დაიძაბა. გორბაჩოვი ახალ-ახალ დათმობებზე მიდიოდა იმ იმედით, რომ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირს შეინარჩუნებდა. მაგრამ რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობის გამოცხადება დაიწყეს. ამის პრეცედენტი ჯერ კიდევ 1990 წელს შეიქმნა ლიტვის სახით. მალე მას საქართველო, ლატვია და 1991 წლის 20 აგვისტოს ესტონეთიც მიჰყვა. აგვისტოს ბოლოს საბჭოთა არმიამ ტალინი დატოვა.
რამდენიმე დღის შემდეგ პირველმა ისლანდიამ ცნო ესტონეთის დამოუკიდებლობა. მის მაგალითს სხვებმაც მიჰბაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ადრეც იყო გაეროს წევრი, მხოლოდ ახლა მიიღო ესტონეთმა გაეროს სრულუფლებიანი წევრობა, როცა გაერომ მისი დამოუკიდებლობა აღიარა. ეს იყო ბოლო ნაბიჯი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე.