ციხეში ნებისმიერ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, არამედ მთავარი პროკურატურა იღებს. ამის შესახებ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პატიმარ იოსებ წიკლაურის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმარი წიკლაური უკიდურესად მძიმეა მდგომარეობაშია, როგორც ჩანს, პროკურატურაში აღნიშნული საკითხი არ ადარდებთ.
"როდესაც საუბარია პატიმრის სიცოცხლის გადასარჩენად მისთვის სასჯელის გადავადებაზე, გადაწყვეტილებას მთავარ პროკურატურაში იღებენ და არა სასაჯელაღსრულების სამინისტროში. ერთადერთი ასეთი პრეცედენტი იყო პატიმარ ზვიად ტეფნაძის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ მათი ფრაქცია ყველაფერს გააკეთებს, რომ 23 წლის იოსებ წიკლაურს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს და ადეკვატური მკურნალობა ოჯახისთვის შესაძლებელი გახდეს.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 16 აგვისტოს მოინახულეს და გიორგი ტუღუში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს.
ცაგარეიშვილმა ციხეებში სიკვდილიანობის სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ქართულ ციხეებში წელს 12-ით მეტი, 38 პატიმარი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პატიმარი იოსებ წიკლაური, რომელსაც იარაღის ტარება-შენახვისთვის და ხულიგნობისთვის 10 წელი და 6 თვე აქვს მისჯილი, ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით ციხიდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
ოჯახი დაკავებულის გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადებას ითხოვს.