საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა შვეიცარიის დელგეგაციასთან რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მომზადების მიზნით.
გრიგოლ ვაშაძის უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მდგომარეობა და მხარეების პოზიციის დაახლოების შესაძლებლობები.
"შეხვედრაზე აღინიშნა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ნორმალური და შეუფერხებები ფუნქციონირების აღდგენის აუცილებლობა", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ კოვზირიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყარალაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნოს უფროსი თამარ კაპანაძე, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეონა გიუაშვილი, შვეიცარიის მხრიდან - შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი პიტერ მაურერი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის კაბინეტის უფროსი ჰაიდი გრაუ, შვეიცარიის ელჩი ვმო-ში რეზიდენციით ქ. ჟენევაში ლუციუს ვასეშა და შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი.