"ახალი მემარჯვენეების" შეფასებით, რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება "ანგარიშსწორების სახეს ატარებს".
"რობერტ სტურუა იმ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს, რომლის წარმატებები და საყოველთაო აღიარება სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული. ეს ნაბიჯი აშკარად ანგარიშსწორების სახეს ატარებს. შეიძლება არ ეთანხმებოდე რეჟისორის ამა თუ იმ მოსაზრებას, მის მიერ გაკეთებულ შეფასებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას შელახოს გამოხატვის თავისუფლება, შემოქმედებით საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი და გადაწყვეტილებები პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მიიღოს. საზოგადოებისთვის აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ასე იქნა მიღებული", - ნათქვამია "ახალი მემარჯვენეების" განცხადებაში.
მათივე შეფასებით, სტურუას მიერ განვლილი გზა უკვე იძლევა იმის უფლებას, რომ თამამად ილაპარაკო მის განსაკუთრებულ როლზე და ღვაწლზე ქართულ და მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებაში.
"ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სტურუას ნაღვაწს უკანა პლანზე ვერ გადასწევს მათ მიერ უზომოდ აფიშირებულ სხვა, მათთვის უფრო მისაღებ ხელოვანთა წინა პლანზე წამოწევა. წინსვლა და წარმატებები, რა თქმა უნდა, იქნება ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში. მაგრამ ეს მიღწევები არ უნდა ხდებოდეს წინა თაობების ხელოვანთა ღვაწლის მიჩქმალვის მიზეზი. თუმცა უდიდეს ხელოვანებს ყოველთვის აქვთ ასევე უდიდესი პრივილეგია ხელისუფლებების მიმართ: მათ ნაღვაწს დრო აფასებს და არა ხელისუფლებები. რობერტ სტურუას ხელოვნება დრომ უკვე შეაფასა", - აღნიშნულია განცხადებაში.