"ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, პროტესტის ნიშნად "უქმე დღეებზე მაინც" გაძვირებული ტრანსპორტით გადაადგილებაზე უარი თქვან.
"ხელიუფლების ძალადობის ამ ზაფხულმა კიდევ უფრო მძიმე და გაუსაძლისი გახადა ჩვენი მოსახლეობის ისედაც უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა. საქართველოს ლეიბორიტული პარტია დღეს კიდევ ერთხელ ეხმაურება გაძვირებული სამარშრუტო ავტობუსების პრობლემას და ამჯერად საგანგებოდ მიმართავს მოსახლეობას; უქმე დღეებში მაინც ნუ ისარგებლებთ გაძვირებული სამარშრუტო ავტობუსებით, რაც აუცილებლად დაარტყამს ამ სამომხმარებლო ბაზარზე ერთადერთ მონოპოლისტს და ხელისუფლების კარისა და ჯიბის გახმაურებული ბიზნესჯგუფის _ შარანგიების ბიზნესინტერსებს", - განმარტა ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე აზრით, მოსახლეობის ასეთი პრინციპული გადაწყვეტილება აუცილებლად დაარტყამს შარანგიების მფარველი ხელისუფლების ანტიხალხურ გადაწყვეტილებებს და უკან დაახევინებს მას, რათა სამარშრუტო ავტობუსებით მგზავრობა რეალურ და ჩვენი მოსახლეობისათვის ფინანსურად შესაძლებელ ტარიფებს დაუბრუნდეს.
"თქვენი ამ პრინციპული პროტესტით, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ერთმანეთი. გარწმუნებთ, რომ ეს შესაძლებელია. გარწმუნებთ, რომ ეს სოციალური სამართლიანობისათვის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის ერთ_ერთი პრინციპული და ღონიერი ნაბიჯია. ეს ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობის მხარდაჭერისაკენ მიმართული ჩვენი საერთო სოლიდარობა იქნება. ეს უკიდურეს მდიდრებად და უკიდურეს ღარიბებად დაყოფილი და პოლარიზებული საქართველოს სოციალური წონასწორიბის აღდგენისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება", - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანმა.