"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ღია წერილით მიმართავს , სადაც საქართველოს რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის შესაძლო გაყიდვას ეწინააღმდეგება.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ბატონო ნიკა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა "საქართველოს რკინიგზის", ელექტროსისტემის, გაზისა და ნავთობის კორპორაციის და სხვა სახელმწიფო კომპანიების აქციათა პაკეტების 15-25%-ის ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე განთავსებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, კომპანიების აქციების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება თავისთავად მიღებული პრაქტიკაა, ჩვენს რეალობაში ეს გადაწყვეტილება სერიოზულ რისკებს შეიცავს.
თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ საფონდო ბირჟებზე ბოლო პერიოდში კრიზისული მდგომარეობაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების აქციათა რეალური ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებულ შეაფასებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ ბირჟებისთვის კომპანიათა აქციების შეთავაზების შემთხვევაში, ამ კომპანიების მენეჯმენტი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მათი ღირებულება სათანადოდ იყოს შეფასებული. შესაძლებელია ვინმემ თქვას, რომ ამ კომპანიებს ჩაუტარდათ აუდიტი და ისინი სათანადოდ არიან შეფასებული, თუმცა ასეთი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი ჯერაც არ არის, რაც საეჭვოს ხდის მათ რეალურ და ადეკვატურ შეფასებას.
აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ხსენებული სტრატეგიული ობიექტების შემცირებულ ფასად ბირჟაზე გატანით, დაინტერესებულია მოქმედი ხელისუფლება, რათა კონკრეტული ინვესტორების მიერ ამ ობიექტების ფარული პრივატიზაცია განხორციელდეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე მოხდეს საკონტროლო პაკეტის მათ ხელში იაფად ჩადგება.
ბოლო წლების განმავლობაში, მრავალი მაგალითი დაგროვდა იმისა, თუ რა ფორმით და როგორ მიზანმიმართულად ასხვისებს მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს შეუსაბამოდ დაბალ ფასად. როდესაც ინვესტორმა შეიძინა ფოთის პორტი, ორი წლის შემდეგ, მასში უმნიშვნელო ინვესტიციების ჩადების შემდეგ, იგი ორმაგ ფასად გაყიდა. როგორც ჩანს, ამჯერად, გაზსადენის, რკინიგზისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების გასხვისების ჯერი დადგა.
აქვე, გასათვალისწინებელია ის რისკიც, რომ ობიექტების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ობიექტების მყიდველებად მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნები თუ მოგვევლინებიან, რათა გააძლიერონ თავიანთი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. შესაბამისად, შესასწავლია, თუ რამდენად არის დაცული ქვეყნის უსაფრთხოება და არის თუ არა სათანადოდ გათვალისწინებული ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები ასეთი მნიშვნელოვანი გარიგების დადების შემთხვევაში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა შეგახსენოთ, რომ ყველა სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტი არის ხალხის და არა რომელიმე ხელისუფლების ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საკუთრება. ამდენად, ვთვლით, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, იყოს ინფორმირებული თავისი სტრატეგიული ობიექტების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, აქტიურად იყოს ჩართული მათი მოსალოდნელი გასხვისების მიზანშეწონილობის განხილვაში და ასევე იცოდეს, იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება მიზანშეწონილად ამ ობიექტების გასხვისება, რას მოხმარდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა. სანამ ეს პირობები არ შესრულდება, კატეგორიულად მოვითხოვთ, შეჩერდეს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ", - ნათქვამია ირაკლი ალასანიას წერილში.